"ბავშვის შიში სიბნელის მიმართ არ არის სახუმარო... შიში აუცილებელი გრძნობაა" - ნათია ფანჯიკიძე ბავშვების შიშებზე
581
post-template-default,single,single-post,postid-581,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive

“ბავშვის შიში სიბნელის მიმართ არ არის სახუმარო… შიში აუცილებელი გრძნობაა” – ნათია ფანჯიკიძე ბავშვების შიშებზე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გადაცემა “იმედის დღეში” ბავშვების შიშებზე ისაუბრა. ბევრ ბავშვს სიბნელის ფობია აქვს, ბევრს კი მულტფილმში ან ზღაპარში ნანახი გმირის აღმა უჭირს. რეალურად, რა არის შიში და რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე ბავშვებთან ერთად, ნათია ფანჯიკიძე ასე განმარტავს:

“ბავშვი ძალიან შთაგონებითი არსებაა და მისი დაჰიპნოზება, კარგი თუ ცუდი თვალსაზრისით, ყოველთვის შეგვიძლია. ჩვენ თვითონ თუ გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ძალიან საყვარლად ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს სიბნელეში ეშინიათ რაღაც “ბუღდაჯანების” და სინამდვილეში ეს “ბუღდაჯანები” ჩვენ ვართ.”

მშობლები თვითონვე იგონებენ ამას დაშინების მიზნით და მერე, ბავშვს ძალიან ეშინია ამ ყველაფრის.

ძალიან ხშირად მშობლები არასერიოზულად უყურებენ ხოლმე ბავშვების შიშებს. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ გაუვლის. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა დამოკიდებულებამ, როცა ბავშვს მართლა ეშინია, ერთი შეხედვით, ძალიან დიდი სიულელის, სიბნელის?

სიბნელე არ არის სისულელე. სიბნელე არის მშთანთქმელი, სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს და განასახიერებს ფსიქოლოგიურად, ერთგვარ უფსკრულს. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ ეს საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ერთად ვუყუროთ მანქანის ფარები რომ ჩრდილებს ქმნის, რადგან ბავშვს ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი აქვს.

მას ათასნაირი ასოციაციური წარმოსახვა შეუძლია დაუკავშიროს ამ მოციმციმე ჩრდილებს, განათებას. ბევრად უფრო მდიდარია ბავშვის წარმოსახვა, ვიდრე უფროსების.

ბავშვები ხშირად უმალავენ შიშს მშობლებს და მასწავლებლებს. სადამდე შეიძლება მივიდეთ, თუ ბავშვი არ ამჟღავნებს ამ შიშს?

მთელი ცხოვრება შეიძლება გაჰყვეს, იმიტომ, რომ უშიშარი ადამიანი არც არსებობს და არც უნდა არსებობდეს, რადგანაც შიში არის ჩვენი დაცვის მექანიზმი. შიშის გადალახვაა მთავარი საქმე და თუკი ბავშვი შიშის გადალახვას ახერხებს, ესე იგი მისი ფსიქიკური მექანიზმი კარგად მუშაობს.

როცა ბავშვს მულტფილმების პერსონაჟების ეშინია, რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა?

მულტფილმების პერსონაჟები, რომლებისაც ბავშვს ეშინია, ჯერ ჩვენი შიშების სახით არსებობენ და მხოლოდ მერე გახდნენ ისინი პერსონაჟები. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს პერსონაჟები ამ შიშების დამარცხებას ემსახურება, მათთან გაშინაურების და გაცნობის მხრივ. ჯერ შიშია და მერე პერსონაჟი. თუმცა, რატომ ჩამოაყალიბა ტვინმა მონსტრთან შეჭმის კავშირი. რატომ მაინცდამაინც “მომაჭამს”, “შემჭამს”, “გადამყლაპვს”, ეს ძალინ საინტერესოა, რომელსაც მეტი დაკვირვება უნდა და ასევე, ზედმეტად ბევრი შიში ნიშნავს, რომ ბავშვის უსაფრთხოების სისტემა არ არის კარგად შეკრული და დაცული. მეტი სანდოობაა საჭირო გარემოს მიმართ და ეს სანდოობა ბავშვის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა უნდა შექმნან. თავისთავად, მულტფილმის პერსონაჟების ცოტა უნდა გეშინოდეს. მეც ჩემს შვილისშვილსაც რომ მოვუყევი წითელქუდა, რატომ შეჭამა ბებია მგელმა, ვერ მიხვდა. მეც შევთავაზე ალტერნატივა, ჩვენთან თუ მოვა, მე შევჭამ მგელს-თქო.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ბავშვს ავარიდოთ საფრთხეები, რომ ისინი არ წაიქცნენ, ყელი არ გაუცივდეთ, ღამე კარგად ეძინოთ და ეს ჩვენი ზედმეტი შფოთი და ყურადღება პირიქით ხომ არ აფრთხობს ბავშვებს?

ზედმეტი აუცილებლად აფრთხობს. ზღაპრის ცუდი დასასრულისგან დაცვაც არ არის საჭირო, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვმსჯელობთ იმ უსამართლობაზე, რაც გადაგვხვდა, რეალურ კაციჭამიებზე, რომლებიც გამოგვეკიდნენ და ასე შემდეგ. ტყუილია, თუ ბავშვს ვეტყვით, რომ არანაირი საფრთხე არასდროს არ იქნება, მაგრამ თვითონ რომ გამოიმუშავოს მშვიდობიანი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, ეს მიიღწევა სახლში მშვიდი ატმოსფეროთი. მაგრამ, “ვაიმე ავად არ გახდე” ერთი მხრივ, აძლიერებს ბვშვში შფოთვას, რომ მართლა ავად არ გახდეს, რომ ეს დიდი უბედურებაა და მეორე მხრივ, ეს ზედმეტი ზრუნვა, მას ჩამოაყალიბებს მომავალში ადამიანად, რომელიც ყოველი უმწეო მდგომარეობის შემთხვევაში ავად გახდება, რომ ასე მოიპოვოს ყურადღება.

შეიძლება ზღპარი გადავუკეთოთ ბავშვს, როცა ვხვდებით, რომ მისთვის საშიშია?

ასაკს გაჩნია. პატარა ბავშვის სამყარო არ არის გამიჯნული რეალურსა და არარეალურს შორის. ის მკაფიო ზღვარს ვერ ავლებს. მისი წარმოსახვა არის მთლიანი. ის დაიბადა ფანტასტიკურ სამყაროში და მისთვის ყველაფერი უჩვეულოა.

ინტერნეტიდან ბავშვები ძალიან ბევრ ცუდ ინფორმაცია -ს იღებენ. როდის უნდა მიიყვნოს მშობელმა ფსიქოლოგთან ?

არ არსებობდა კომპიუტერი, მაგრამ ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც ვინმეს ყურში ჩაუყვირია და შევუშინებივართ. ძალიან ბევრ ბოროტებას მიაწერენ დღეს კომპიუტერს, მაგრამ იმ კომპიუტერში ჩვენ ყველაფერი ის განვახორციელეთ, რაც მანამდე რეალურ ცხოვრებაში თამაშდებოდა. ასე, რომ მთავარია, რომ ნაკლებ აგრესიულ გარემოში ვიცხოვროთ. კომპიუტერის ასეთი დემონიზება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ შევიტანეთ ყველაფერი მასში. საშინელებათა ფილმები სულ არ იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ “შავი ხელის” ისტორიას ვუყვებოდით ერთანეთს. შიში აუცილებელი გრძნობაა გადასარჩენად, მის გარეშე ვერ ვიქნებით, მაგრამ ზედმეტი შიში ყოველთვის დასწავლილი შიშია.

კომპიუტერში ნანახი მასალის შემდეგ, როდესაც ბავშვი სტრეს იღებს, რა უნდა ქნას მშობელმა, როგორ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი?

თუკი ეს სტრესი კვალს ტოვებს და დიდხანს გაგრძელებას პოულობს, მაშინ უნდა წაიყვანოს სპეციალისტთან. თუკი ეს გამოხატულია ყოველ წუთს შიშით, ტირილით, შფოთვით, უძილობით, მაშინ უნდა მიმართონ სპეციალისტს, მაგრამ შიშის გადამუშავება ხდება და ჯერ უფროსებმა ვცადოთ, ვიყოთ უშიშრები და მაშინ ვნახავთ, როგორ გაძლიერდებიან ბავშვები. არ უნდა დავისწავლოთ ყველაფრის შიში, დაწყებული ჯადოებიდან და გამოგონილი მისტიური ამბებიდან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამყარო არის მატერიალური და ეს გადაგვარჩენს მისტიკური შიშებისგან.