22 Aug „გაუშვით ბავშვები სოფლებში, მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“ – ყარამან ფაღავა
როგორ უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი, რა რეკონედაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში და სად ჯობს დასვენება. ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ ისაუბრა.
„დაავადებები ადრეც იყო, არის და იქნება, უბრალოდ იცვლება სტრუქტურა. სამწუხაროდ ჩვენში ბოლომდე ვერ იქნა რესპირატორული (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი) და კუჭ-ნაჭლავის (ფაღარათი, შეკრულობა არასწორი კვების გამო) დაავადებების აღმოფხვრა. არის ასევე ე.წ. „ცივილიზაციის დაავადებები“, რომლებიც უფრო მეტად დასავლეთშია, ესენია: ავტოიმუნური დაავადებები, ალერგოზები, რევმატული დაავადებები. საქართველოში იშვიათ დაავადებებზე საკითხი მე წამოვწიე პირველად და ლექციებს ვკითხულობ. ჩემს სპეციალობაში მთავარი ხიბლი ისაა, რომ იშვიათ დაავადებას გამოვავლენ და ვუმკურნალებ პაციენტს. მთელი მსოფლიო დგას დაავადებების გამომწვევი მიკრობების ეპიდემიის წინაშე, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი არიან. მაშინ, როდესაც პენიცილინი აღმოაჩინეს, ეს იყო რევოლუცია და ის ყველაფერს კურნავდა. ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ფილტვების ანთებას პენიცილინით ვმკურნალობდით. ახლა კი უძვირეს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, დიდხანს ვმკურნალობთ, იძლევა უამრავ ალერგიულ გართულებას, გვერდით მოვლენას და ა.შ. ამიტომ ახალი მიდგომებია საჭირო და ხშირად ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.ბაქტერიოფაგოთერაპიაში საქართველო პიონერია, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში პირველად საქართველოში დაარსდა. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან. აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ნამეტან სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია… არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ეხლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე. სწორედ ეს არის ავტოიმუინური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს. აღარ ვსაუბრობ აგრესიაზე, დეპრესიაზე, ეს ხომ საშინელებაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დანას უყრიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. აუცილებელია სპორტით დაკავება.აგრესიაზე და დეპრესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიჭების მშობლებს რჩევა მინდა მივცე. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, არაფერი დაშავდება. შეიძლება შენზე ღონიერმა 20-ჯერ დაგარტყას, მაგრამ ერთხელ თუ უპასუხე, ეს არაფერი, მაგრამ თუ ერთხელ დაგარტყეს და შენ ხელები დაუშვი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გატეხილი ხარ. როგორ შეიძლება ახალგაზრდა თავს იკლავდეს, როდესაც ის წინ უნდა მიდიოდეს და მიზნები უნდა ჰქონდეს. როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მართალია, გვინდა რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მხოლოდ გამრავლება არ არის, კულტურული კოდიც არის საჭირო. დიახ, გლობალიზაციაში ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდა უნდა ატარებდეს კულტურულ კოდს. ზაფხული მოდის, ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტიაცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“.